fbpx

19
ივნ

0

რისკ მენეჯმენტი

ძალიან ბევრი წიგნია დაწერილი რისკის მენეჯმენტზე, ამასთან ერთად, უამრავი კონსულტანტი და აუთსორს ფირმები გვთავაზობენ დახმარებას ჩვენი პროექტისა თუ ბიზნესის რისკების მართვაში. თუმცა, არის თუ არა რეალურად რისკების მართვის საჭიროება? და რას მოიცავს ის, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

რისკის მართვა არის ბიზნეს პროცესებში მოსალოდნელი გართულებების  წინასწარი ანალიზი, თითოეულის სიმძიმის ხარისხის შეფასება და მათ თავიდან ასაცილებლად ქმედებების განხორციელება.

„რისკი მომდინარეობს მაშინ, როცა არ ვიცით რას ვაკეთებთ“ – თუ უორენ ბაფეტი მართალია, მაშინ გამოდის, რომ ერთადერთი დანაშაული გაუთვითცნობიერებაა, გამოსავალი კი რისკების სიღრმისეული ანალიზი და სტრატეგიის შემუშავებაა მათ თავიდან ასაცილებლად. რისკის მენეჯმენტი არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე, მის სრულყოფილად სამართავად პროცესში უნდა ჩაერთოს კომპანიის მმართველი გუნდი, ან მთლიანი ორგანიზაცია. მხოლოდ კომპანიის ყველა წევრის ჩართულობით იქნება შესაძლებელი რეალური და სრულყოფილი ინფორმაციის მიღება – არსებულ ან სავარაუდო პრობლემაზე.

წარმატებული რისკის მენეჯმენტის სტრატეგია

 

1 – რა შესაძლო გართულება არის მოსალოდნელი კომპანიაში?

ჩამოწერეთ ნებისმიერი რამ, რასაც შეიძლება არასასურველი განვითარება მოყვეს კომპანიაში. თანამშრომლების ბრეინსტორმინგი დაგეხმარებათ ყველა იდეის გაჟღერებაში. შემდეგი ნაბიჯი, ამ რისკების დაჯგუფება, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანის ამორჩევა და შემდეგ უკვე მის გადაწყვეტაზე ფიქრია.

2 – სავარაუდო რისკის თარიღის განსაზღვრა.

რისკებს გააჩნიათ დროითი პერიოდი – როდის არის მოხდენის ალბათობა და რომელი პერიოდი არ არის საფრთხის შემცველი. ყველა რისკს რომელსაც ჩამოწერთ, გვერდით მიუთითეთ ეს თარიღები.

3 – შეაფასეთ რისკები რაოდენობრივი მაჩვენებლებით.

თითოეული რისკი შეაფასეთ რაოდენობრივი მაჩვენებლებით. ჩამოწერილი რისკების გასწვრივ, 5 ბალიანი სისტემით შეაფასეთ რისკის ალბათობა, ასევე დაუწერეთ ქულა რამდენად ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს რისკი და მისი შედეგების გავლენა  კომპანიაზე.

რისკების შეფასება მმართველ გუნდს ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. მაგალითად, თუ პროექტის ჩაშვებისას არსებული რისკების შეფასებისას, მისი უარყოფითი შედეგები შეფასდა 5 ქულით, უფრო გონივრული ნაბიჯი შესაძლოა ამ პროექტის შეჩერება იყოს.

ახლა გადაამრავლეთ ქულები, რომელიც დაუწერეთ რისკის მოხდენის ალბათობასა და შედეგების უარყოფით გავლენას. ასე მიიღებთ თითოეული რისკისთვის საერთო ქულას 0-დან 25-მდე. შეგიძლიათ რისკები დააჯგუფოთ, მიანიჭეთ მწვანე ფერი 0-10 შუალედში არსებულ რისკს, რაც ბუნებრივია მოხდენის დაბალ ალბათობასა და ნაკლებად საფრთხის შემცველს ნიშნავს, 10-18 გააყვითლეთ, ხოლო 18 ქულის ზემოთ არსებული რისკი გააწითლეთ. ეს მეთოდი დაგეხმარებათ ვიზუალურად გაამარტივოთ აღქმა და მარტივად გადაწყვიტოთ რომელ მათგანზე გააკეთოთ აქცენტი. ბუნებრივია, ყვითელი და წითელი შეფერილობით რისკებს პირველ რიგში უნდა მიექცეს ყურადღება, რომ მოძებნოთ მათი გამორიცხვის ან შემცირების გზები.

 

რისკები მოხდენის ალბათობა უარყოფითი გავლენა საერთო შეფასება
რისკი 1 2 2 4
რისკი 2 4 5 20
რისკი 3 4 3 12
4 – რისკების შემცირების ძირითადი 4 სტრატეგია არსებობს: მიღება, თავიდან აცილება, ლიმიტირება და გადაცემა.
    • მიღება – ნიშნავს გაიაზრო რისკის არსებობა, თუმცა არ მიმართო ზომებს მის შესამცირებლად. ამგვარი სტრატეგია სულაც არ არის აზრს მოკლებული, მითუმეტეს თუ რისკის მოხდენის ალბათობა და მისი შედეგების გავლენა უმნიშვნელოა და მისი აცილებისთვის გაწეული სამუშაოები კომპანიისთვის სოლიდურ ხარჯებს უკავშირდება.
    • აცილება – ნიშნავს მიმართო ყველანაირ ძალისხმევას, რათა თავიდან აიცილო რისკი. ძირითად შემთხვევებში, აცილების სტრატეგია დიდ დანახარჯებს უკავშირდება, თუმცა მისი გამოყენება აუცილებელია თუ რისკის ალბათობა მაღალია, შედეგები კი – კატასტროფული.
    • ლიმიტირება – უმეტესად კომპანიებში ყველაზე მეტად ეს სტრატეგიაა გავრცელებული და ხასიათდება ნაწილობრივად მიღებისა და აცილების სტრატეგიის თავისებურებებით. ამ დროს ძალისხმევა მიმართულია რისკების მოხდენის შემცირებისა და მისი შედეგების ლიმიტირებისკენ.
    • გადაცემა – ამ სტრატეგიას მიმართავენ მაშინ, თუ რომელიმე ბიზნეს პროცესი არ უკავშირდება კომპანიის კომპეტენციას და უმჯობესი იქნება აუთსორს ფირმების დახმარება, რაიმე გართულების თავიდან აცილების მიზნით.
5 – შეაფასეთ რისკები – მეორედ.

შეაფასეთ რისკები კიდევ ერთხელ, რათა ნახოთ რა შედეგი მოიტანა თქვენს მიერ გადადგმულმა სტრატეგიულმა ნაბიჯებმა. არის თუ არა ისევ ის რისკები საშუალო და მაღალ კრიტიკულ კატეგორიაში? (ცხრილში ყვითელი და წითელი ფერის  უჯრები)

6 – გაანაწილეთ პასუხისმგებლობა

ყველა რისკზე ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს რისკის შემცირების სტრატეგიების დელეგირება, საუკეთესო ვარიანტში კი იმ ადამიანზე, ვინც ჩართული იყო რისკების შეფასების სამუშაოებში და ასევე კომპეტენცია მისცემს საშუალებას კარგად გაართვას თავი დაკისრებულ მოვალეობას.

7 – რისკების პერიოდული ანალიზი

მისაღებია რისკების ანალიზი მოხდეს ყოველთვიურად. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენს ცხრილს და მონიშნოთ:

  • მოქმედებს თუ არა გაწერილი სტრატეგიები კონკრეტულ რისკებზე;
  • დღის წესრიგიდან დახურვა რისკების, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ხოლო თუ რომელიმეს უკვე ჰქონდა ადგილი, მისი აუცილებელ საქმეებში გადატანა.

ყველა რისკი არის მოვლენა, რომელიც შესაძლოა მოხდეს. თუმცა როგორც კი ის რეალურად მოხდება, უკვე აღარ არის რისკი, არამედ არასასურველი გარემოება და საქმე, რომელიც უნდა მოგვარდეს.

8 – გაუმკლავდით არასასურველ გარემოებებს

სავარაუდო რისკების ცხრილთან ერთად უნდა გქონდეთ არასასურველი გარემოებების სია, ანუ იმ რისკებისა, რომლებიც უკვე რეალური საფრთხე გახდა კომპანიისთვის. და რათქმაუნდა მათი მოგვარების გზები – ზემოთ ჩამოთვლილი რისკების შემცირების სტრატეგიები ან სხვა საჭირო ქმედებები.

კომპანიები უნდა დაფიქრდნენ რისკის მენეჯმენტის მნიშვნელობაზე, ვინაიდან მხოლოდ საფრთხეების შეფასება ქმედებების გარეშე, ფუჭად დაკარგული დროითი რესურსია. აუცილებელია რისკის მენეჯმენტის ჩართვა ორგანიზაციების ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც წინ წამოწევს საკითხებს, რომელიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული და მისი უგულებელყოფა დაუშვებელია.

 

  • წყარო: hbr.org
  • თარგმნა: მირანდა ხიზანიშვილი