12
იან

0

ადამიანური ურთიერთობების ეთიკა ორგანიზაციაში – ნაწილი III

ნაყოფიერი ორიენტაცია

ძნელად დასაჯერებელია, რომ ბუნებაში ადამიანის ფუნქციური დანიშნულება არანაყოფიერ ორიენტაციებთან არის დაკავშირებული. უფრო მოსალოდნელია, რომ გადახრა ამა თუ იმ არანაყოფიერებისაკენ გამოწვეულია იმ საზოგადოებრივი წესრიგით, რომლის ფარგლებში არსებობს ადამიანი.

„კლასიკური და შუასაუკუნეების ეპოქის ლიტერატურიდან მოყოლებული XIX საუკუნის ბოლომდე ბევრი მელანი დახარჯულა იმის აღსაწერად, თუ როგორი უნდა იყოს ღირსეული ადამიანი და ღირსეული საზოგადოება… მეოცე საუკუნე ასეთი ლიტერატურული სახეების არარსებობით გამოირჩევა. მთელი ყურადღება გადატანილია პიროვნებისა და საზოგადოების კრიტიკულ ანალიზზე, რომელშიც დადებითი ადამიანური თვისებები მხოლოდ იგულისხმება… „კარგი“ადამიანისა და საზოგადოების ხატის არარსებობა კი უაღრესად თრგუნავს საკუთარი თავისა დამომავლის რწმენას“.

თუ მეოცე საუკუნემდე ყურადღების ცენტრში იდგა კითხვა „რა არის?”, მეოცე საუკუნეში წინა პლანზე გადმოინაცვლა კითხვამ „რატომ არის?”. ამ თვალსაზრისით, მეოცე საუკუნემდე ადამიანის რწმენა საკუთარ ძალებში გაცილებით უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მეოცე საუკუნეში. ამავე დროს, გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი და მისი ფუნქციური დანიშნულება ბუნებაში არ შეცვლილა. მაშასადამე, ზემოთ აღნიშნული ცვლილება დაკავშირებულია ადამიანის წარმოდგენასთან საკუთარი ბუნების შესახებ, რაც მნიშველოვნად განპირობებულია არსებული საზოგადოებრივი წყობის გავლენით.

ფრომის აზრით, ადამიანის ბუნებას საფუძვლად უდევს ნაყოფიერი ორიენტაცია, რაც ზოგადად ნიშნავს, რომ ადამიანის ფუნქციური დანიშნულება დაკავშირებულია მასში არსებული შემოქმედებითიბუნებრივი პოტენციალის რეალიზაციასთან; ეს კი ვლინდება მის ლტოლვაში თვითგანვითარებისკენ.

„პიროვნების ნაყოფიერი ორიენტაცია ფუნდამენტურ ქცევას, ადამიანური საქმიანობის ყველასფეროში ურთიერთობის ერთგვარ საშუალებას, გულისხმობს. იგი შეიცავს სხვა ადამიანებზე, საკუთარ თავსა და გარე სამყაროზე მენტალურ, ემოციურ და სენსორულ რეაქციებს. ნაყოფიერება – საკუთარი ძალების გამოყენებისა და პიროვნებაში ჩადებული შესაძლებლობების რეალიზების ადამიანური უნარია. როცა ვამბობთ, რომ მან უნდა შეძლოს საკუთარი ძალების გამოყენება, ვგულისხმობთ, რომ იგი თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა იყოს იმისგან, ვინც მის ძალებს აკონტროლებს. შესაბამისად, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ იგი გონებით ხელმძღვანელობს, რადგან საკუთარ ძალებზე დაყრდნობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა იცი როგორია ეს ძალები და რა მიმართულებით შეგიძლია მათი წარმართვა. ნაყოფიერება ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თავს საკუთარი ძალების განსხეულებად და „შემოქმედად“ აღიქვამს, – რომ ეს ძალები არ არის მისგან განკერძოებული ან დაფარული, და იგი საკუთარ პიროვნებას მათგან განუყოფლად მოიაზრებს“.

უფრო გასაგები რომ იყოს ნაყოფიერი ორიენტაციის განმარტება, უნდა გვესმოდეს, რა არ არის ნაყოფიერი ორიენტაცია. ნაყოფიერება ხშირად ესმით, როგორც ადამიანის აქტიურობა, დაკავშირებული მხოლოდ ფიზიკური ენერგიის ფაქტობრივ ხარჯვასთან. მაგალითის სახით შემოვიფარგლებით აქტიურობით, რომელიც დაკავშირებულია ავტორიტეტის დაქვემდებარებაში ყოფნასთან.

„ავტორიტეტი შეიძლება შიშს, აღფრთოვანებას ან „სიყვარულს“ იწვევდეს. ჩვეულებრივ, ყველა ეს გრძნობა ერთმანეთშია ხოლმე აღრეული, მაგრამ აქტივობის მიზეზი (როგორც ფორმით, ასევეშინაარსით) ავტორიტეტის ბრძანებაა. ადამიანი მხოლოდ იმიტომაა აქტიური, რომ ასე სურს ავტორიტეტს, და ისიც ხალისით ასრულებს მის სურვილს… მორჩილებით განპირობებული აქტიურობა ავტომატის მუშაობას ჰგავს. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს არა აშკარა, არამედ -საზოგადოებრივ ცნობიერებაში, კულტურულ მოდელებში, საღ აზროვნებასა და „მეცნიერებაში“არსებულ – ანონიმურ ავტორიტეტზე დამოკიდებულებასთან. ადამიანი შეიგრძნობს და აკეთებს იმას, რასაც წესით უნდა შეიგრძნობდეს და აკეთებდეს; მისი აქტივობა სრულიად მოკლებულია უშუალობას, რადგან მის საკუთარ მენტალურ ან ემოციურ მდგომარეობაზე კი არა, გარე წყაროებზეა დამოკიდებული“. ნაყოფიერება საკუთარი ძალების გამოყენების უნარს გულისხმობს. აქ დასაზუსტებელია, როგორ გვესმის „საკუთარი ძალები”.

„მაგრამ რა არის „ძალა“? ეს სიტყვა ძალა-უნარისა და ძალაბატონობის ორ საპირისპირო ცნებას აღნიშნავს. ძალა-ბატონობა მაშინ მოქმედებს, როცა ძალა-უნარი პარალიზებულია. ადამიანის მიერსაკუთარი ძალების ნაყოფიერად გამოყენების უნარი – პოტენციაა, უუნარობა კი – უძლურება. თავისი გონების ძალით მას მოვლენათა სიღრმეებში წვდომა და მათი არსის შეცნობა შეუძლია; თავისი სიყვარულის ძალით – ერთი ადამიანის მეორისაგან გამმიჯნავი ზღუდეების მორღვევა; წარმოსახვის ძალით კი იგი ხილულად აქცევს არარსებულს: გეგმავს და ქმნის. პოტენციის არარსებობისას, ადამიანის სამყაროსადმი დამოკიდებულება მახინჯდება და ბატონობის, ძალადობისა და ადამიანებით საგნებივით მანიპულირების სურვილად გარდაიქმნება“. ბატონობა უძლურებიდან წარმოიქმნება და შემდეგ, თავადვე განავრცობს ამ უძლურებას, რადგან როცა ინდივიდი სხვას აკეთებინებს საქმეს, თავად სულ უფრო მეტად პარალიზებული ხდება და უქრებანაყოფიერების მოთხოვნილება“.

ეს მოსაზრებები ფრომმა ჯერ კიდევ 1947 წელს გამოაქვეყნა, მაგრამ ისინი დღესაც აქტუალურია. მეტიც, მენეჯმენტის თანამედროვე პრაქტიკამ მხოლოდ მეოცე საუკუნის მიწურულს აღმოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ხასიათის გათვალისწინება თანამშრომელთა გუნდის შექმნის პროცესში. შემუშავებულ იქნა მრავალი თეორიული მოდელი. ზოგი მათგანი, გარკვეულწილად, ფრომის ცალკეულ დასკვნებს იმეორებს, მაგრამ ვერც ერთი ახლოსაც კი ვერ მიდის ფრომისთვის დამახასიათებელ ანალიზის სიღრმესთან.

„ნორმალურ ადამიანს ერთდროულად, ქვეყნიერების აღქმაც და წვდომაც შეუძლია. შეცნობასთან ერთად, იგი აცოცხლებს და საკუთარი ენერგიით ამდიდრებს სამყაროს… ნაყოფიერების უმთავრესი პირობაა რეპროდუქციული და შემოქმედებითი უნარის ქონა… მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ნაყოფიერება ამ ორი უნარის ჯამი ან კომბინაცია კი არა, მათი ურთიერთქმედების სრულებით ახლებური ნაყოფია…“

აქ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თუ ერთ-ერთი უნარი ატროფირებულია, ადამიანი ავადმყოფად შეიძლება ჩაითვალოს. თუ მას არ გააჩნია „созида- тельная способность”, ის „დამთავრებული” რეალისტია, რომელიც ხედავს მხოლოდ ზედაპირს და არ შეუძლია მოვლენის სიღრმის აღქმა და ანალიზი. თუ ადამიანს რეპროდუქციული უნარი არ გააჩნია, იგი მოწყვეტილია რეალობას და საკუთარი ილუზიების სამყაროში ბინადრობს.

„მართალია, ნაყოფიერ ადამიანს მრავალი მატერიალური საგნის, ხელოვნების ნიმუშისა და აზროვნების სისტემის შექმნა შეუძლია, მაგრამ ნაყოფიერების ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შედეგი თავად ადამიანია. დაბადება, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი კერძო წერტილია კონტინიუმისა, რომელიც ჩასახვით იწყება და სიკვდილით სრულდება. ყველაფერი, რაც ამ ორ პოლუსს შორისაა მოქცეული, ადამიანის პირადი შესაძლებლობებითაა გაჯერებული. იმ შესაძლებლობებით, რომლებიც, პოტენციურად, საწყის ორ უჯრედში იყო მოქცეული. მაგრამ თუკი ფიზიკური ზრდა თავისთავად მიმდინარეობს, მენტალურ დონეზე დაბადება ავტომატურად არ ხდება. ნაყოფიერი მოღვაწეობაა საჭირო იმისათვის, რომ სიცოცხლე შთაბერო ემოციურ თუ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და გააცოცხლო საკუთარი „მე“. ნაწილობრივ, ადამიანის ტრაგედიაც ისაა, რომ „მეს“ განვითარება სრულად არასოდეს ხდება; საუკეთესო პირობებშიც კი, ადამიანის შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილის რეალიზება ხერხდება. ადამიანი კვდება მანამ, სანამ სრულად იშობოდეს“.

იმის გასარკვევად, თუ რა როლს თამაშობს ადამიანის ხასიათის ნაყოფიერი ორიენტაცია ბიზნესის სამყაროში, გავიხსენოთ იცხაკ ადიზესი, რომლის აზრით, ორგანიზაციის წარმატებისთვის კონკურენტულ და ცვალებად გარემოში, საჭიროა, რომ კომპანიის მენეჯმენტმა თავი გაართვას შემდეგი ოთხი ფუნქციის შესრულებას: შედეგიანობა, ადმინისტრირება, მეწარმეობა და ინტეგრირება. ამ ფუნქციების ნებისმიერი წყვილის წევრებს შორის არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა, რაც იწვევს კონფლიქტს ორგანიზაციაში შესაბამისი თვისებების მატარებელ მენეჯერებს შორის. ამ კონფლიქტების თავიდან აცილება შეუძლებელია, მეტიც – მათი მოგვარება ორგანიზაციის განვითარებას უწყობს ხელს. ამავე დროს, ძველი კონფლიქტის ადგილს ახალი კონფლიქტები იკავებს და ამ პროცესს მუდმივი და ამიტომ – ბუნებრივი ხასიათი აქვს. ამასთან, კონფლიქტი შეიძლება იყოს დესტრუქციული, ანუ ორგანიზაციისათვის დამანგრეველი, ან კონსტრუქციული, რომლის გადაწყვეტა ორგანიზაციის განვითარებას ნიშნავს. იმისათვის, რომ კონფლიქტები კონსტრუქციულ ხასიათს ატარებდეს, ადიზესის მიხედვით, საჭიროა ორგანიზაციაში ნდობის და ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო შეიქმნას. ეს კი ნიშნავს, რომ ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანებს ნაყოფიერი ორიენტაცია უნდა ახასიათებდეთ.

ისმის კითხვა: რას ნიშნავს ნაყოფიერი ორიენტაცია ორგანიზაციაში? პირველ რიგში, ორგანიზაციაში მომუშავე პირი საზოგადოდ, როგორც ადამიანი, უნდა ხასიათდებოდეს ნაყოფიერი ორიენტაციით, ანუ მისი ძირითადი ინტერესი თვითგანვითარებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. გარდა ამისა, ორგანიზაციის ფუნქციური დანიშნულება ადამიანის თვითგანვითარების საშუალებას უნდა იძლეოდეს. თუ ადამიანის ხასიათი არანაყოფიერი ორიენტაციისაა, მაშინ ორგანიზაციის თანამშრომლებს შორის ნდობისა და ურთიერთპატივისცემის დამოკიდებულება ვერ ჩამოყალიბდება. თუ ადამიანის თვითგანვითარების მიმართულება და ორგანიზაციის ინტერესების ვექტორი ერთმანეთს არ ემთხვევა, მუშაკი ვერ შეძლებს, სრულად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, რაც უარყოფითია როგორც კომპანიისათვის, ასევე, ამ მუშაკისთვის.

 

მივდივართ შემდეგ დასკვნამდე:

თუ ორგანიზაცია კონკურენტულ გარემოში მოქმედებს, მისი წარმატება ბევრად არის დამოკიდებული ნაყოფიერი ორიენტაციის მქონე თანამშრომელთა გუნდის შექმნაზე. როგორ გავიგოთ, აქვს თუ არა ადამიანს ნაყოფიერი ორიენტაცია? კითხვაზე პასუხი ამ სტატიის საზღვრებს ცდება და ცალკე განხილვას მოითხოვს.

დაბოლოს, აღვნიშნოთ, რომ არ არსებობს მხოლოდ ნაყოფიერი ორიენტაციის ადამიანი. მეტიც, არანაყოფიერი ორიენტაცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც სავსებით ნორმალური თვისებების დამახინჯება და დეფორმაცია, რასაც ხშირად სხვადასხვა სოციალური მიზეზი იწვევს (მაგალითად, საზოგადოებრივი წყობისთვის დამახასიათებელი და დეკლარირებული თვისებები და ფასეულობები).

„არც ერთი ადამიანის ორიენტაცია არაა სრულად ნაყოფიერი და არც სრულებით უნაყოფო ადამიანი არსებობს. მაგრამ ნაყოფიერ და უნაყოფო ორიენტაციათა ხვედრითი წონა ყოველი ადამიანის ხასიათში მერყეობს და, საბოლოოდ, უნაყოფო ორიენტაციის ხარისხით განისაზღვრება… ფაქტობრივად, უნაყოფო ორიენტაციები შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორც დამახინჯებული ფორმა ორიენტაციებისა, რომლებიც, თავისთავად, ცხოვრების ნორმალურ და აუცილებელ ნაწილს შეადგენს: თუკი გადარჩენა უნდა, ადამიანს უნდა შეეძლოს – სხვა ადამიანებისგან რაიმეს აღება, რაიმეს დაუფლება, გადანახვა და გადაცვლა. გარდა ამისა, მას უნდა შეეძლოს ავტორიტეტის კვალდაკვალ სიარული, სხვა ადამიანების ხელმძღვანელობა, მარტოობა და თავის დაცვა. მაგრამ თუკი ადამიანში შოვნისა და თანამოძმეებთან ურთიერთდამოკიდებულების საშუალებები თავისთავად უნაყოფოა, აღების, დაუფლების, შენახვისა და გადაცვლის უნარი უმალ ავად გამოყენების, ექსპლუატირების, მოხვეჭისა და ვაჭრობის წყურვილად გადაიქცევა. მეტწილად, ნაყოფიერად ორიენტირებული ადამიანის სოციალური ქცევის ისეთი ფორმები, როგორიცაა – ერთგულება, ავტორიტეტულობა, პატიოსნება და მიზანდასახულობა – უნაყოფო ორიენტაციის ადამიანში უმალ უსიტყვომორჩილებად, ბატონობად, გულგრილობად და დესტრუქციულობად გადაიქცევა ხოლმე“.

აქედან შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა: ფული, როგორც ხასიათის ერთ-ერთი ორიენტირი, რომელიც ადამიანის ნორმალურ მატერიალურ მდგომარეობას უზრუნველყოფს, სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. მაგრამ თუ ფული ხასიათის ერთადერთი ორიენტირია, მაშინ საქმე რთულად გადასაწყვეტ პათოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს.

 

ავტორი: ნიკოლოზ მარკოზაშვილი