
ადამიანური ურთიერთობების ეთიკა ორგანიზაციაში – ნაწილი II
ადამიანებს პიროვნული მრავალფეროვნება ახასიათებთ. ადამიანების უნიკალურობას საფუძვლად უდევს განსხვავება ტემპერამენტსა და ხასიათში. ამასთან: თუკი ტემპერამენტთა სხვაობას არ აქვს ეთიკური მნიშვნელობა, ხასიათებს შორის განსხვავება ეთიკისათვის რეალური პრობლემაა, რადგან სწორედ ის გვიჩვენებს, რა დონეს მიაღწია ინდივიდმა ცხოვრების ხელოვნებაში. თვითგანვითარების აღქმა ფასეულობად ადამიანში გარკვეული ხასიათის არსებობას მოითხოვს. ამიტომ, ბუნებრივია, ორგანიზაციის მენეჯერი ხასიათების კლასიფიკაციას უნდა იცნობდეს.
ხშირად ხასიათს განსაზღვრავენ, როგორც „ინდივიდისთვის დამახასიათებელ ქცევის მოდელს”. მაგრამ, ფრომის აზრით, ეს ასე არ არის: ქცევითი თვისებები მჟღავნდება საქციელში, რომელიც თვალსაჩინოა მესამე პირისთვის. მაგალითად, ერთი ასეთი თვისება – „გამბედაობა“ – შეიძლება განვიხილოთ, როგორც მიზნის მიღწევისკენ მიმართული ქცევა, როცა ადამიანი არად მიიჩნევს საკუთარი სიცოცხლის, თავისუფლებისა თუ კეთილდღეობის დაკარგვის საფრთხეს. ქცევით თვისებასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, სამუშაოზე აყვანასთან დაკავშირებული ინტერვიუს ჩატარების დროს. შეგვიძლია კი ასეთ ინტერვიუზე დაყრდნობით გავაკეთოთ რაიმე დასკვნა ადამიანის ხასიათის შესახებ? თუ შეთავაზებული სამუშაოს მიმართ ინტერესის დემონსტრირება პიროვნების თვითგანვითარებაზე ორიენტაციას გასაზღვრავს?
მაგრამ, თუკი მოტივაციას, განსაკუთრებით კი, ქცევითი თვისებების გაუცნობიერებელ მოტივაციას ვიკვლევთ, აღმოვაჩენთ, რომ ქცევითი თვისებების მიღმა მიმალულია ხასიათის უამრავი და სრულიად განსხვავებული ნიშან-თვისება. გაბედული საქციელი, შესაძლოა, მოტივირებული იყოს:
- პატივმოყვარეობით, როცა ადამიანი გარკვეულ ვითარებაში საფრთხეში აგდებს საკუთარსიცოცხლეს, რათა აღფრთოვანების ობიექტად ყოფნის დაუოკებელი სურვილი დაიკმაყოფილოს (გამბედაობას ჯილდო განსაზღვრავს – ნ.მ.);
- თვითმკვლელობისკენ ლტოლვით, რაც ადამიანს საფრთხის ძიებისკენ უბიძგებს;
- წარმოსახვის უნარის არქონით, როდესაც ადამიანი გაბედულად მოქმედებს, რადგანმოსალოდნელ საფრთხეს ვერ აცნობიერებს;
- იდეის ან მიზნის უსაზღვრო ერთგულებით (ამ შემთხვევაში, წახალისება ნაკლებ გავლენასახდენს მის ქცევაზე – ნ.მ.).
ყველა ამ შემთხვევაში საქციელი გარეგნულად ერთნაირია, თუმცა, განსხვავებულია მათი მოტივაცია.
სამუშაოზე მიღებისას ინტერვიუს მაგალითში კანდიდატის მიერ საქმიანობის მიმართ ინტერესის გამოვლენა სამი განსხვავებული პიროვნული ხასიათის ნიშნით მაინც შეიძლება იყოს განპირობებული: ძალაუფლებისკენ სწრაფვით, მაღალი ნაზღაურების მიღების სურვილით და თვითგანვითარებაზე ორიენტირებით. ისმის კითხვა: როგორ გავიგოთ, ხასიათის რომელ მატარებელთან გვაქვს საქმე?
…შესაძლებელი რომ იყოს ადამიანის საქციელზე დეტალური დაკვირვება, ვნახავდით, რომ სხვადასხვა მოტივაციიდან განსხვავებული (თუმცა – ძნელად შესამჩნევი) საქციელი გამომდინარეობს. მაგალითად, ოფიცერი ბრძოლაში სხვაგვარად იქცევა, როცა მისი საქციელი იდეის ერთგულებითაა მოტივირებული და სულ სხვანაირად, როცა მისი ქცევის მოტივაცია პატივმოყვარეობაა. პირველ შემთხვევაში, იგი არ გადავა შეტევაზე, თუკი რისკი ტაქტიკური მიზნის მიღწევის პირდაპირპროპორციული არ არის. მაგრამ თუკი მას პატივმოყვარეობა ამოძრავებს, იგი ბრმა თავგანწირვით შეებმება მტერს და არად ჩააგდებს მისთვის და ჯარისკაცებისთვის მოსალოდნელ საფრთხეს.
თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს ნაკლებად აინტერესებს შესაძლო ანაზღაურება თუ ძალაუფლების პერსპექტივა. ამავე დროს, დანარჩენი ორი ხასიათის მქონე პიროვნება არაჩვეულებრივად მგრძნობიარეა მოსალოდნელი „ჯილდოს” მიმართ: შეიძლება ვთქვათ, რომ მათი დაინტერესება სამუშაოთი ჯილდოს სიდიდის პროპორციულად იზრდება.
ფრომს მიაჩნია, რომ ხასიათის ფუნდამენტი პიროვნების გარესამყაროსთან სპეციფიკური დამოკიდებულებაა. თავისი ცხოვრების მანძილზე ადამიანი სამყაროსთან ურთიერთობს:
- საგნების დაუფლებისა და მათი ასიმილაციის მეშვეობით;
- ადამიანებთან (და საკუთარ თავთან) ურთიერთობის მეშვეობით.
პირველს ასიმილაციის პროცესს ვუწოდებ, მეორეს კი – სოციალიზაციის პროცესს. ურთიერთობის ორივე ეს ფორმა „აღმოჩენილია“ და არა – ინსტინქტურად მოცემული, მაგალითად ისე, როგორც ცხოველებში. ადამიანი შეიძლება დაეუფლოს საგნებს, რომლებსაც იგი გარესამყაროდან იღებს ან რომლებსაც საკუთარი ძალისხმევის შედეგად ქმნის, მაგრამ მან როგორღაც უნდა მოახერხოს მათი ასიმილირება, რათა საკუთარი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. ამასთან, ადამიანს არ ძალუძს მარტო, სხვა ადამიანების გარეშე ცხოვრება… მას სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვანაირი ურთიერთობები შეიძლება ჰქონდეს: უყვარდეს ან სძულდეს ისინი, მეტოქეობდეს ან თანამშრომლობდეს მათთან, შექმნას თანასწორობაზე ან ავტორიტარიზმზე, თავისუფლებაზე ან ძალადობაზე დაფუძნებული სოციალური სისტემა; მაგრამ მან, ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა ადამიანებთან უნდა დაამყაროს ურთიერთობა და რა ფორმით იზამს ამას, – მის ხასიათზეა დამოკიდებული.
მაშასადამე, სამუშაოზე მიღების კანდიდატისთვის ინტერვიუ გარესამყაროსთან ურთიერთობის ერთერთი სახეა, რომლის საფუძველია ამ ადამიანის ხასიათით განპირობებული ასიმილაციისა და სოციალიზაციის პროცესები. ინდივიდის ხასიათს განსაზღვრავს ორიენტაციები, რომელთა მეშვეობითაც იგი სამყაროსთან ამყარებს ურთიერთობას. ხასიათი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფორმა (შედარებით პერმანენტული), რომელიც ასიმილაციისა და სოციალიზაციის პროცესში ადამიანური ენერგიის გამტარის ფუნქციას ასრულებს.
ბიოლოგიური თვალსაზრისით, ხასიათის არსებობა მოვლენებზე სწრაფი რეაგირების აუცილებლობით აიხსნება. ადამიანს ყოველი მოქმედების გააზრებისთვის საკმარისი დრო არ გააჩნია და ბევრ გადაწყვეტილებას ავტომატურად – საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე – იღებს. რამდენადაც ადამიანის საქციელი თანდაყოლილი ინსტინქტებით არ არის განპირობებული, მისი სიცოცხლე საფრთხეში იქნებოდა, ყოველი ქცევისა და ნაბიჯის აწონ-დაწონა რომ უხდებოდეს… რადგანაც ენერგია გარკვეული საშუალებებით მოგვეწოდება, ხასიათი უშუალოდ საქციელში ვლინდება. გარკვეული ზნე, ეთიკური თვალსაზრისით, შეიძლება, მიუღებელიც იყოს, მაგრამ იგი საშუალებას აძლევს ადამიანს, სავსებით თანმიმდევრულად იმოქმედოს და თავი დააღწიოს ყოველ ჯერზე ახალი და წინასწარმოფიქრებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას.
აქ არ იგულისხმება, რომ მიღებული გადაწყვეტილება მთლიანად ადამიანის ხასიათით განისაზღვრება. მაგრამ გადაწყვეტილება არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის ხასიათს: ხასიათი კარნახობს სიტუაციის ანალიზის მიმართულებას. ეს კარგად არის ცნობილი ხელოვნებაში: მწერალი ან კინორეჟისორი თავის ნაწარმოებში გმირის ხასიათს ქმნის და თუ გმირი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მის ხასიათს ეწინააღმდეგება, ეს მკითხველის (ან მაყურებლის) მიერ არაბუნებივ მოვლენად აღიქმება და უარყოფითად მოქმედებს ნაწარმოების შეფასებაზე.
კშიშტოფ კიშლოვსკის ერთ-ერთი ფილმის გმირი – ვერონიკა – გაიცნობს მეზღაპრეს, რომელიც ზღაპრების და რომანტიკული ისტორიების შესაბამისად ამზადებს თოჯინებს და ბავშვებს მოკლე სპექტაკლებს უჩვენებს. ზღაპრები და თოჯინები – ამ ადამიანის სამყაროა. ვერონიკას და მეზღაპრეს ერთმანეთის მიმართ სიყვარულის გრძნობა უჩნდებათ. ირკვევა, რომ ვერონიკას საკუთარი რომანტიკული ისტორია აქვს, რომლის მიხედვით მეზღაპრე თოჯინებს ქმნის და სპექტაკლს დგამს. მაგრამ ვერონიკას სხვა ისტორია აღარ გააჩნია და, მეზღაპრის ხასიათიდან გამომდინარე, იგი (ვერონიკა) აღარაა მისთვის საინტერესო. სიყვარული განწირულია! ფილმის რეჟისორი კი მაინც ცდილობს, გადაარჩინოს ეს გრძნობა, რაც სავსებით არაბუნებრივად გამოიყურება. ხასიათი ადამიანის ფასეულობებსაც განსაზღვრავს.
გარდა ამისა, ხასიათი იდეებისა და ფასეულობების არჩევის ფუნქციასაც ასრულებს. ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ მათი იდეები ლოგიკური დედუქციის შედეგია და არ მომდინარეობს ემოციებიდან თუ სურვილებიდან. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ საკუთარი აზრები და შეფასებები მათ ცხოვრებისეულ პოზიციას ადასტურებს, თუმცა, სინამდვილეში, ეს იდეები, საქციელის მსგავსად, მათივე ხასიათის ნაყოფია. ამგვარი მტკიცება, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჩამოყალიბებული ხასიათის დამკვიდრებას და მას სწორად და კეთილგონივრულად წარმოაჩენს.
ციტატა საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს ეხება და საკმაოდ ღრმა გააზრებას მოითხოვს. დავკმაყოფილდებით შემდეგი მაგალითის მოყვანით:
სტუდენტი ლექციაზე აცხადებს, რომ ნებისმიერი ადამიანის ძირითადი ფასეულობა ფულია: „ფული ყველას უყვარს!” მასწავლებელი მყისიერად პასუხობს: „არ ხარ მართალი – მე არ მიყვარს!” სტუდენტი თავაზიანია და დისკუსიას აღარ აგრძელებს, მაგრამ შინაგანად თავის პოზიციაზე რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, მისი აზრით, მასწავლებელმა იცრუა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად აცნობიერებს სტუდენტი ამ აზრს – მას, უბრალოდ, არ შეუძლია, წავიდეს საკუთარი ხასიათის წინააღმდეგ, რომელმაც განაპირობა შეფასება: „ფული ადამიანის ძირითადი ფასეულობაა.”
რამდენად შესაძლებელია ხასიათის შეცვლა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავიხსენოთ ერთ-ერთ ჩვენს სტატიაში (იხ. „ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები”, 2007, № 4) მანფრედ კე დე ვრის მიერ დანტეს „ღვთაებრივი კომედიის” ანალიზის საფუძველზე გაკეთებული დასკვნა: „კარგი ამბავი: გზა ბნელი ტყიდან არსებობს. ცუდი ამბავი: ის ჯოჯოხეთზე გადის!”
ორი ადამიანისთვის ერთი და იგივე გარემო, შეიძლება, სრულიად სხვადასხვანარი იყოს, რადგან ფიზიკური კონსტიტუციის თავისებურებებიდან გამომდინარე, ისინი ერთნაირ გარემოს მეტ-ნაკლებად განსხვავებულად აღიქვამენ. სოციალურ მოდელთა ზეგავლენის შედეგად, ადვილად მხოლოდ ქცევებისა და აზროვნების ის ჩვევები იცვლება, რომლებიც ინდივიდის კულტურულ მოდელთან ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბდა და პიროვნების ხასიათს ვერ შეეთვისა. მაგრამ, თუკი ადამიანის ქცევას მის ხასიათში აქვს გადგმული ფესვები, იგი მდგრადი ენერგიით არის დამუხტული და მხოლოდ იმ შემთხვევაში იცვლება, თუკი მის ხასიათში ფუნქციური ცვლილებები ხდება.
ფრომი გამოყოფს ხასიათის ოთხ არანაყოფიერ და ერთ ნაყოფიერ ორიენტაციას. ისინი ცალ-ცალკე განიხილება, მაგრამ რეალური ადამიანის ხასიათში, ჩვეულებრივ, ოთხივე ორიენტაციაა წარმოდგენილი. ამასთან, ერთ-ერთი მათგანი დანარჩენებზე დომინირებს და, პრაქტიკულად, ადამიანის ხასიათის ძირითად ნიშნებს განსაზღვრავს. მოკლედ აღვწეროთ თითოეული ორიენტაცია.
ხასიათის სახეობები: არანაყოფიერი ორიენტაციები
რეცეპტიული ორიენტაცია
რეცეპტიული ორიენტაციის მქონე ადამიანი „ყველანაირი კეთილდღეობის წყაროს“ გარესამყაროში ეძებს. მისი აზრით, საწადელის მიღწევის (მნიშვნელობა არ აქვს, მატერიალურია ეს საწადელი თუ არა – მიჩვევაა, სიყვარული, ცოდნა თუ სიამოვნება) ერთადერთი საშუალება მისი სწორედ ამ გარე წყაროებიდან მიღებაა. ასეთი ორიენტაციის დროს სიყვარულის პრობლემა თითქმის ყველა შემთხვევაში ის არის, რომ უყვარდე და არა ის, რომ გიყვარდეს… იმის ნაცვლად, თვითონ გაანძრიონ ხელი, პირველი, რაც ამ ადამიანებს თავში აზრად მოსდით, ისეთი ვიღაცის პოვნაა, ვინც მათ საჭირო ინფორმაციას მიაწვდის… ეს ადამიანები ახდენენ თავისებური ერთგულების დემონსტრირებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ერთგულება იმის მიმართ, ვინც მათ კვებავს და მისი დაკარგვის შიში… მათ ხშირად ახასიათებთ გულისხმიერება და სხვათა დახმარების სურვილი, მაგრამ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ ადამიანთა კეთილგანწყობა მოიპოვონ.
საქართველოში საკმაოდ ხშირად გვხდება ხასიათის ამგავრი ორიენტაციის მქონე ადამიანი. საკმარისია გავიხსენოთ ე.წ. „ჩემი ადამიანის” კონცეფცია, რომლის თანახმად, ახლად დანიშნული მენეჯერი ორგანიზაციის საკვანძო პოზიციებზე „მორჩილი” ადამიანების განთავსებას ცდილობს. ამ როლის შესასრულებლად ოპტიმალურ კანდიდატებს სწორედ რეცეპტიული ორიენტაციის ხასიათის მქონე ადამიანები წარმოადგენენ.
ექსპლუატატორული ორიენტაცია
ექსპლუატატორული და რეცეპტიული ორიენტაციების ძირითადი წინაპირობა არის იმის შეგრძნება, რომ ყველანაირი კეთილდღეობის წყარო ადამიანის გარეთაა და თვითონ მას არაფრის შექმნა არ შეუძლია. ოღონდ… ექსპლუატატორული ტიპი არავისგან ელოდება ძღვენს, იგი, უბრალოდ, ძალით ან ეშმაკობით ართმევს სხვას იმას, რაც სჭირდება. ასეთ ადამიანებს თვითონ არ მოსდით თავში იდეები და იპარავენ მათ – ღიად, რაც პლაგიატობაში გამოიხატება ან შედარებით შენიღბულად, მაგალითად, სხვათა მიერ გამოთქმული აზრების პერიფრაზირებით – თან იჩემებენ, თითქოს, ეს იდეები სულ ცინცხალი იყოს და მათ ეკუთვნოდეს… ასეთი ადამიანები ყოველთვის ფიქრობენ, რომ უფრო ღირებულია ის, რაც სხვა ადამიანს უნდა წაართვან, ვიდრე ის, რისი შექმნაც თვითონ ძალუძთ… ისინი ცხოვრობენ დევიზით: „მოპარული ხილი უფრო გემრიელია“. მათი განწყობა მანიპულირებისა და მტრული დამოკიდებულების ნაზავია. ყოველი ადამიანი ექსპლუატაცის ობიექტად განიხილება და სარგებლიანობის მიხედვით ფასდება. რეცეპტიული ტიპისათვის დამახასიათებელი მიმნდობლობისა და ოპტიმიზმის ნაცვლად, ექსპლუატატორულ ტიპს იჭვნეულობა, ცინიზმი, შურიანობა და ეჭვიანობა სჩვევია. ბიზნესში ექსპლუატატორული ორიენტაციის ხასიათის მქონე ადამიანები ხშირად დგანან ორგანიზაციების სათავეში. არსებობს მათი იდენტიფიკაციის მარტივი ემპირიული წესი: მათი ხელფასი, ჩვეულებრივ, მნიშვნელოვნად აღემატება ორგანიზაციის დანარჩენი პერსონალის ხელფასს.
მომხვეჭელური ორიენტაცია
ამ ორიენტაციის ადამიანებს არ სჯერათ, რომ გარესამყაროდან რაიმე ახალს მიიღებენ. მათი უსაფრთხოება მომხვეჭელობასა და ეკონომიას ემყარება, ხარჯებს კი ასეთი ადამიანები საფრთხედ მიჩნევენ. ისინი, თითქოსდა, საკუთარი თავის გარშემო ზღუდეს აგებენ და ერთ მიზანს ისახავენ – რაც შეიძლება ბევრი შეიტანონ თავიანთ სამალავში და რაც შეიძლება ნაკლები გამოიტანონ იქიდან. მათი სიძუნწე მარტო ფულსა და მატერიალურ საგნებზე კი არ ვრცელდება, არამედ – გრძნობებსა და აზრებზეც… ეს ადამიანები ვერ იტანენ, როცა ნივთები თავის ადგილზე არ დევს და ავტომატურად ცდილობენ ყველაფრის მოწესრიგებას. მათთვის გარესამყარო საკუთარი უსაფრთხოების მუქარაა. ამ ტიპის ადამიანები ფიქრობენ, რომ აკურატულობის წყალობით შეძლებენ, გარესამყაროსთვის გარკვეული ადგილის მიჩენას და მის ამგვარად დაქვემდებარებას… ისინი გარესამყაროს საკუთარი თავდაცვითი პოზიციის საფრთხედ მოიაზრებენ და, ამის პასუხად, მათი ლოგიკური რეაქციაა სიჯიუტე. გაუთავებელი „არა“ მათ სამყაროში შეჭრისაგან ავტომატური თავდაცვაა, საკუთარ აზრზე ჯიუტად დგომა პასუხია გარედან განხორციელებულ შემოტევაზე… ამ ადამიანებისთვის სიკვდილი და ნგრევა მეტი რეალობის მომცველია, ვიდრე – სიცოცხლე და განვითარება. შემოქმედების აქტი მათთვის სასწაულია, რის შესახებაც კი სმენიათ, მაგრამ რომლისაც არ სჯერათ. მათი დევიზია: „ცისქვეშეთში არაფერია ახალი“, ძირითადი ფასეულობები კი – წესრიგი და უსაფრთხოებაა. მომხვეჭელი მიდრეკილია იჭვნეულობისკენ და მისი სამართლიანობის გრძნობა ასე გამოიხატება: „ყველაფერი ჩემი მე მეკუთვნის, შენი კი – შენ“.
ბიზნესის სამყაროში ასეთი ტიპის ორიენტაციის მატარებლები, ჩვეულებრივ, ე.წ. ბიუროკრატები არიან. თუ ბიუროკრატი ორგანიზაციის სათავეში დგას, ის პერსონალისთვის მძიმე სიტუაციას ქმნის. თანამშრომლები ტოვებენ ორგანიზაციას, რაც, ხასიათის ბუნებიდან გამომდინარე, აღიზიანებს ბიუროკრატს. იგი ცდილობს, ყველა მისაღები თუ მიუღებელი მეთოდების გამოყენებით შეაკავოს ორგანიზაციიდან ხალხის გადინება.
ის ფაქტი, რომ დღეს „Microsoft”-ს ნიჭიერი ადამიანები ტოვებენ, ფირმაში ბიუროკრატიული ტენდენციების გაძლიერებაზე მეტყველებს. ამასთან დაკავშირებით, საკმარისია გავიხსენოთ სასამართლო პროცესი ერთი წამყვანი თანამშრომლის მიმართ, რომელმაც „Google”-ში გადასვლაგადაწყვიტა. სასამართლომ მაშინ გინესის წიგნში შეტანის ღირსი გადაწყვეტილება მიიღო: მან პიროვნებას აუკრძალა ახალ ფირმაში გამოიყენოს ის, რაზეც „Microsoft”-ში ყოფნის დროსფიქრობდა.
საბაზრო ორიენტაცია
თანამედროვე ბაზრის განმასხვავებელი ნიშანი – აბსტრაქტული და უსახო მოთხოვნაა… ბაზრის ვერდიქტი მოთხოვნისა და მიწოდების კანონებს ეფუძნება: სწორედ ბაზარი განსაზღვრავს, რა საქონელი უნდა გაიყიდოს და რა ფასად. როგორ სასარგებლო ფასეულობასაც უნდა წარმოადგენდეს, მაგალითად, ფეხსაცმელი, ის ეკონომიკურად დასაღუპადაა განწირული, თუკი მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს… ღირებულებების საბაზრო გაგებამ და საცვლელი ფასეულობების სასარგებლო ფასეულობებზე წინ დაყენებამ ასეთივე ღირებულებები ჩამოაყალიბა ადამიანურ ურთიერთობაში. ეს, განსაკუთრებით, ინდივიდის საკუთარ თავთან ურთიერთობისას ჩანს. ხასიათის ორიენტაციას, რომელიც საკუთარ თავს საქონლად, ხოლო საკუთარ ღირებულებას – საცვლელ ფასეულობად აღიქვამს, საბაზრო ორიენტაციას ვუწოდებ. ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულების მხოლოდ 10% ფიქრობს თავისი საქმის გახსნაზე, დანარჩენები ეძებენ დამქირავებელს, ანუ ცდილობენ, ვინმეს საკუთარი თავი მიყიდონ.
მართალია, ერთი მხრივ, ოსტატობისა და ადამიანური თვისებების, მეორე მხრივ კი – „პიროვნების“ თანაფარდობითობა, როგორც წარმატების საწინდარი, საკმაოდ ცვალებადია, მაგრამ „პიროვნულ ფაქტორს“ ყოველთვის გადამწყვეტი როლი ენიჭება. წარმატება, უმეტესწილად, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად უკეთესად შეუძლია ადამიანს საკუთარი თავის გაყიდვა, რამდენად კარგად წარმოაჩენს საკუთარ თავს, რამდენად მიმზიდველადაა „შეფუთული“… ადამიანი საკუთარ ცხოვრებასა და ბედნიერებაზე კი არ ზრუნავს, არამედ იმაზე, როგორ იქცეს გასავლიან საქონლად. ასეთი შეგრძნება ექნებოდათ დახლებზე შემოდებულ ჩანთებს, მათ რომ გრძნობა და აზროვნება გააჩნდეთ. ადამიანი, ჩანთის მსგავსად, შეიძლება, პიროვნულ ბაზარზე მოდური იყოს, ხოლო საამისოდ კი, უნდა იცოდეს, პიროვნების როგორ ტიპზეა განსაკუთრებული მოთხოვნა. ეს ცოდნა, საერთო სახით, მას აღქმის მთელი პროცესის განმავლობაში (საბავშო ბაღით დაწყებული და კოლეჯით დამთავრებული) ეუწყება. ამას ოჯახიც ავსებს… წარმატების მოდელის უფრო ზუსტ სურათს სხვა წყაროები გვთავაზობს: ესენია ილუსტრირებული ჟურნალ-გაზეთები, კინოქრონიკა და რეკლამა, რომლებიც ათასნაირად წარმოაჩენენ წარმატებული ადამიანების პორტრეტებსა და ცხოვრებისეულ ისტორიებს.
შეგახსენებთ, რომ ფრომმა ეს სიტყვები 1947 წელს დაწერა. რა შეიცვალა ამის შემდეგ? ალბათ, მხოლოდ ის, რომ ინფორმაციის წყაროებს ინტერნეტი დაემატა… ძნელია, გადაჭარბებით შეაფასო დაურწმუნებლობის ხარისხი, რომელიც მოცემული ორიენტაციის შედეგია. თუკი ადამიანი გრძნობს, რომ მისი ფასეულობა ადამიანური თვისებებით კი არა, საბაზრო ეკონომიკისა და მისი მუდმივ ცვალებადი პირობებით განისაზღვრება, რასაკვირველია, საკმაოდ არამყარი თვითშეფასება ექნება და მუდმივად დასჭირდება სხვა ადამიანებისაგან განმტკიცება. თუ ადამიანი იძულებულია, განუხრელად მიიწევდეს წინ წარმატებისკენ და თუკი ნებისმიერი წარუმატებლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის თვითშეფასებას, ეს შედეგად მოიტანს უმწეობის, დაურწმუნებლობისა და არასრულფასოვნების გრძნობას. თუკი ბაზრის ცვალებადობა ადამიანის მნიშვნელოვნების საზომად იქცა, საკუთარი ღირსებისა და პატივისცემის გრძნობა აღარ იარსებებს.
თუ საბაზრო ურთიერთობებში გარე ძალა ერევა და დაუსაბუთებელი ფაქტორი (მაგალითად, ასაკი) შემოაქვს, სიტუაცია კიდევ უფრო რთული ხდება. ისიც აღსანიშნავია, რომ თუ საბაზრო ორიენტაციის მქონე ადამიანთა წრეში შემთხვევით მოხვდება პიროვნება, რომელსაც ნაყოფიერი ორიენტაციის ხასიათი საშუალებას აძლევს, მყარად „იდგეს ორივე ფეხზე”, იგი მალე საერთო განკითხვის საგნად იქცევა: „რა უცნაურია – მანია გრანდიოზა!” – აი, როგორი იქნება განაჩენი.
პრობლემა მხოლოდ თავის პატივისცემასა და თვითშეფასებაში კი არა, თვითშემეცნებაშიც – ანუ საკუთარ თავთან იდენტურობაშიც – არის. ზრდასრული და ნაყოფიერი ადამიანი საკუთარ თავს შემოქმედად აღიქვამს და ამით ასაზრდოებს იდენტურობის გრძნობას: „მე ვარ ის, რასაც ვაკეთებ“. საბაზრო ორიენტაციის მქონე ადამიანი საკუთარ ძალებს უპირისპირდება, როგორც მისგან გაუცხოებულ საქონელს: „მე ვარ… ის, რაც გნებავთ, რომ ვიყო“… ადამიანებს შორის სხვაობა დაყვანილია მარტივ რაოდენობრივ მაჩვენებლებამდე – მეტ ან ნაკლებ წარმატებულობამდე თუ მიმზიდველობამდე და ამგვარადვე ფასდება… ადამიანის უდიდესი მიღწევების განსაზღვრის ნაცვლად, მიღწევებისა, რომლებმაც განავითარეს მისი ინდივიდუალურობა, ეს თითქმის „უცნაურობის“ სინონიმად იქცა. სიტყვა „თანასწორობამაც“ შეიცვალა თავისი მნიშვნელობა. დღესდღეობით იგი ურთიერთშემცვლელობის ეკვივალენტად იქცა, ეს კი, ინდივიდუალურობის პირდაპირ უარყოფას გულისხმობს. ერთობა, ნაცვლად იმისა, რომ თითოეული ადამიანის თავისებურებების განვითარების პირობად ქცეულიყო… „გულგრილობის“ სინონიმად გადაიქცა.
ხასიათის ნაყოფიერ ორიენტაციას და ორიენტაციების შედარებით ანალიზს ჩვენ ჟურნალის შემდეგ ნომერში განვიხილავთ, ამ სტატიას კი დავამთავრებთ ერიხ ფრომის ეპიგრაფად მოყვანილი სიტყვებით:
საბაზრო ორიენტაციის მქონე პიროვნება უნდა იყოს თავისუფალი – თავისუფალი ყოველგვარი ინდივიდუალურობისაგან.
ავტორი: ნიკოლოზ მარკოზაშვილი