
ადამიანური ურთიერთობების ეთიკა ორგანიზაციაში – ნაწილი I
ორგანიზაციაში ადამიანური ურთიერთობები მენეჯმენტის ფუნდამენტია. ადამიანური ურთიერთობების ბუნების გამოკვლევა ბიზნესის საზღვრებს სცილდება და ე.წ. „ადამიანის შესახებ მეცნიერების“, ანუ ფსიქოლოგიის, ძირითადი საკითხია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ენიჭება ფსიქოლოგიას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ბიზნესში.
შემოთავაზებულ სტატიაში განვიხილავთ მეოცე საუკუნის გამოჩენილი მოაზროვნის, ფსიქოანალიტიკოსის – ერიხ ფრომის – შეხედულებებს ადამიანის ბუნების შესახებ და შევეცდებით, ისინი ორგანიზაციის მართვის სფეროში გადმოვიტანოთ. ძირითადად, შევჩერდებით ფრომის ცნობილ ნაშრომზე „თავისთავის ადამიანი“ („Man for Himself“). არსებობს რუსული თარგმანიც: Эрих Фромм. Человек для себя. „Хранитель“. Москва. 2006. ქვემოთ ფრომის წიგნიდან ციტატები იტალიკით, ბრჭყალებშია მოყვანილი.
„განმანათლებლობის იდეები ადამიანს ასწავლიდა, სწორი ეთიკური ნორმების დამკვიდრების ორიენტირად საკუთარი გონება გამოეყენებინა, მუდამ საკუთარი თავის იმედად ყოფილიყო და სიკეთისა თუ ბოროტების გასარჩევად არ მიემართა ღვთიური გამოცხადებებისა და ეკლესიის ავტორიტეტისთვის. განმანათლებელთა დევიზი – „გაბედე შეცნობა“, ანუ „ენდე საკუთარ ცოდნას“, თანამედროვე ადამიანის ძალისხმევათა და მიღწევათა უმთავრეს სტიმულად იქცა. მოზღვავებულმა ეჭვებმა კაცთა აზროვნებასა და ავტონომიაში მორალური ძრწოლა წარმოშვა და მალე ისინი ყოველგვარი ადამიანური თუ ზეგარდამოვლენილი სახელმძღვანელოსა და საღი გონების გარეშე დარჩნენ… ადამიანური ნორმებისა და ფასეულობების საფუძვლად სახელმწიფოს მოთხოვნები, ძლიერი ლიდერების მაგიური თვისებებით გამოწვეული ენთუზიაზმი, მანქანათა ძალმოსილება და მატერიალური წარმატება იქცა“. ეთიკის ძირითადი საკითხი იმის გარკვევაა, თუ რა არის „კარგი“ და რა არის „ცუდი“, ანუ, სხვა სიტყვებით – ფასეულობების განსაზღვრა.
თავის დროზე, პროგრესისკენ სწრაფვამ ადამიანს ეთიკური ნორმების შემოღება საკუთარ თავზე ააღებინა, მაგრამ სწორედ პროგრესმა, განსაკუთრებით – ტექნოლოგიების განვითარებამ, ადამიანს საკუთარი ძალების მიმართ ეჭვი გაუჩინა. ამას კაპიტალისტური წყობის ჩამოყალიბება მოჰყვა, რომლის დროს სახელმწიფომ გარკვეული ეთიკური ნორმების მატერიალური წარმატების ირგვლივ დაფიქსირება დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკითხს „რა არის კარგი“ წყვეტს არა ადამიანი, არამედ ის გარემო, რომელშიც იგი არსებობს და მოღვაწეობს. მაგრამ ისმის კითხვა: რამდენად ემთხვევა ცალკეული ადამიანისა და სახელმწიფოს ინტერესები?
საქმე კიდევ უფრო რთულდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიზნესის სფეროში არსებულ თითოეულ ორგანიზაციას საკუთარი ფასეულობები აქვს, რომლებიც ე.წ. ორგანიზაციულ კულტურას ქმნის. და არსაიდან გამომდინარეობს ამ ფასეულობების თანხვედრა ახლად აყვანილი თანამშრომლის ფასეულობებთან; არ გამომდინარეობს, თუ ორგანიზაციამ სპეციალურად არ გაითვალისწინა ეს საკითხი სამუშაოზე მიღების პროცედურაში. აქ ბუნებრივად ისმის მთავარი კითხვა:
რამდენად საჭიროა აღნიშნული ფასეულობების თანხვედრა და რა კავშირშია ისორგანიზაციის წარმატებულ საქმიანობასთან?
„დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის? შევთანხმდეთ იმაზე, რომ რელიგიის ალტერნატივა რელატივიზმია? დავუშვათ ეთიკის საკითხებისგან გონების გამიჯვნა?ჩავთვალოთ, რომ თავისუფლებასა და მონობას, სიყვარულსა და სიძულვილს, ჭეშმარიტებასადა სიცრუეს, პატიოსნებასა და ოპორტუნიზმს თუ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არჩევანიუბრალოდ სუბიექტური გადაწყვეტილების შედეგია? არა, არსებობს სხვა ალტერნატივაც. სწორი ეთიკური ნორმების ჩამოყალიბება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის გონებას შეუძლია. ადამიანს შესწევს ძალა, სიკეთე და ბოროტება გაარჩიოს და სწორი ეთიკური შეფასებამოახდინოს… ჰუმანისტური ეთიკური აზროვნების დიდმა ტრადიციამ საფუძველი ჩაუყარა ფასეულობათა სისტემას, რომელიც ადამიანურ ავტონომიასა და გონებაზეა დამყარებული. ეს სისტემები ეფუძნება ერთ უმთავრეს წინაპირობას – ზედმიწევნით უნდა ვიცნობდეთ ადამიანის ბუნებას, რომ გავიგოთ, რა არის მისთვის კარგი და რა – არა“.
რელატივიზმი – სწავლება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ადამიანური ფასეულობები და ეთიკური ნორმები მხოლოდ გემოვნების საქმედ და თითოეული ადამიანის თავისუფალი არჩევანის საგნად არის მიჩნეული, რადგან ამ სფეროში რაიმესობიექტური სისწორით მტკიცება შეუძლებელია.
საყოველთაო ეთიკური ნორმების შემოღება ადამიანთა საერთო ბუნებას ეყრდნობა, რომელიც აზროვნების, მოვლენების გაცნობიერებისა და მიზანმიმართული მოქმედებების შესაძლებლობის არსებობით, ადამიანს ცხოველური სამყაროდან გამოყოფს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანში „ჩადებულია“ გარკვეული პოტენციალი, რომელიც მას თვითგანვითარების საშუალებას აძლევს.ამასთან, ამ საშუალების გამოყენება თავისთავად არ ხდება. ადამიანმა თვითგანვითარება ფასეულობად უნდა აღიაროს და საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოინდომოს. ფრომის აზრით, ადამიანში არსებული განვითარების პოტენციალის სრული რეალიზებისათვის სიცოცხლის პერიოდი არ კმარა: „ადამიანი უფრო ადრე კვდება, ვიდრე სრულ დაბადებას მოასწრებს“.
მარტივი მაგილითის სახით მოვიყვანოთ დღეს არსებული ვითარება კინემატოგრაფში. ფილმად ბლოკბასტერი ითვლება, ხოლო საავტორო ფილმს „სხვა“ კინოს სახელი დაერქვა! ბლოკბასტერის ნახვის შემდეგ ადამიანმა მხოლოდ პოპკორნი შეიძლება „შეიძინოს“, რომლისგან იგი უკვე დილით განთავისუფლდება. საავტორო ფილმის ნახვის შემდეგ კი ადამიანი, როგორც წესი, ოდნავ მაინც შეცვლილია – ფილმმა მისი ყურადღება ისეთ საკითხზე გაამახვილა, რომელზეც მას არ უფიქრია და თვითგანვითარების მიმართულებით უბიძგა.
„..ადამიანური ბუნების ჩვენეულ ცოდნას მივყავართ არა ეთიკურ რელატივიზმამდე, არამედ იმის რწმენამდე, რომ ეთიკური ქცევის ნორმების პირველწყარო თავად ადამიანურ ბუნებაში უნდა ვეძებოთ, და რომ მორალური ნორმები ადამიანის დამახასიათებელ თვისებებს ემყარება, მათი უხეში დარღვევა კი სულიერ და ემოციურ მოშლილობას გამოიწვევს… პირად სიკეთეზე უარის თქმა ან თავკერძობა კი არა – საკუთარი თავის სიყვარული; ინდივიდუალურობის უარყოფა კი არა – საკუთარი ჭეშმარიტი, ადამიანური მეობის დამკვიდრება, – აი, ჰუმანისტური ეთიკის უმაღლესი ფასეულობები. იმისათვის, რომ ადამიანი ენდოს ღირებულებებს, უნდა შეიცნოს საკუთარი თავი, აგრეთვე, ბუნებით მოცემული ნაყოფიერი მოქმედებისა და სიკეთის ქმნის პოტენციალი“.
თუ თქვენი თანამშრომლისთვის თვითგანვითარება ფასეულობას წარმოადგენს და თქვენი ფირმის საქმიანობა ხელს უწყობს მისი პოტენციალის რეალიზებას, მაშინ იგი ეცდება, ფირმას მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს – ფირმის და ინდივიდის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ამ შემთხვევაში, მაქსიმალური სარგებელი მხოლოდ ადამიანის კვალიფიკაციით განისაზღვრება. ფირმის საბოლოო შედეგი მიღებული მოგებაა, ხოლო ადამიანის – ფული (ხელფასი) და თვითგანვითარების ახალი საფეხური. თუ ფირმა მუშაკისაგან მიღებული სარგებლის ფიქსირებული მნიშვნელობით კმაყოფილდება, მაშინ საკმარისია, ყურადღება მიექცეს მხოლოდ ადამიანის კვალიფიკაციას და უკუგდებულ იქნას საკითხი იმის შესახებ, იგი თვითგანვითარებაზეა ორიენტირებული, თუ მისი ძირითადი ფასეულობა ფულია.
ფრომს მიაჩნია, რომ არსებობს ორი ეთიკა: ავტორიტარული და ჰუმანისტური.
„ავტორიტარულ ეთიკაში ავტორიტეტი ადგენს კანონებსა და ქცევის ნორმებს და განსაზღვრავს, რა არის ადამიანისთვის სასიკეთო; ჰუმანისტურ ეთიკაში კი ადამიანი თვითონ არის ნორმების შემოქმედიცა და შემსრულებელიც. თავად ქმნის მათ, თავად აწესრიგებს და თავადვეემორჩილება“.
ჰუმანისტურ ეთიკაში იგულისხმება, რომ ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ცოცხალი, თუ იგი საკუთარ თვითგანვითარებაზე ზრუნავს და სწორედ ამ მიმართულებით ქმნის ქცევის ეთიკურ ნორმებს. ამით განსხვავდება ჰუმანისტური ეთიკა რელატივიზმისგან, რომელშიც მიმართულება არ არის დაფიქსირებული. აქედან კი ის გამომდინარეობს, რომ ადამიანი, რომლისთვისაც თვითგანვითარება ფასეულობას არ წარმოადგენს, სულიერად მკვდარია.
„…ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს მხოლოდ ორი ალტერნატივა არსებობდეს: დიქტატორული, ირაციონალური ავტორიტეტისა და, საერთოდ, არანაირი ავტორიტეტის. მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. რეალურად, პრობლემა ისაა, კონკრეტულად რა სახის ავტორიტეტს უნდა ვაღიარებდეთ. როცა ავტორიტეტზე ვსაუბრობთ, რას ვგულისხმობთ, რაციონალურ თუ ირაციონალურ ავტორიტეტს? რაციონალური ავტორიტეტი სათავეს კომპეტენტურობიდან იღებს. ის ადამიანი, რომლის რელატივიზმი – სწავლება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ადამიანურიფასეულობები და ეთიკური ნორმები მხოლოდ გემოვნების საქმედ და თითოეული ადამიანის თავისუფალი არჩევანის საგნად არის მიჩნეული, რადგან ამ სფეროში რაიმეს ობიექტური სისწორით მტკიცება შეუძლებელია. ავტორიტეტსაც პატივს სცემენ, კომპეტენტურად ართმევს თავს იმ მოვალეობებს, რომლებიც მის გამოცდილებას მინდობილმა ადამიანებმა დააკისრეს. მას არ სჭირდება მათი დაშინება ან თავისი მაგიური თვისებებით მათი აღფრთოვანება.
მანამ, სანამ ადამიანს საქმის კომპეტენტურად კეთება შეუძლია, მისი ავტორიტეტი რაციონალურ ბაზისზე იქნება დაფუძნებული და არ დასჭირდება ირაციონალური აღფრთოვანება და გაღმერთება. რაციონალური ავტორიტეტისთვის არათუ დასაშვებია, არამედ აუცილებელიცაა მუდმივი სკურპულოზური გარჩევა და კრიტიკა იმ ადამიანთა მხრიდან, ვინც მას აღიარებს;
რაციონალური ავტორიტეტი ყოველთვის დროებითია, მისი აღიარება მის ქმედითობაზეა დამოკიდებული. ირაციონალური ავტორიტეტის პირველწყაროდ კი, პირიქით, ყოველთვის ძალაუფლება გვევლინება. ეს ძალაუფლება არის ფიზიკური ან მენტალური, რეალური ან პირობითი და მას მხოლოდ ამ ავტორიტეტის გავლენის ქვეშ მოქცეულ ადამიანთა შიში დაუსუსურობა წარმოშობს. ირაციონალური ავტორიტეტის დასაყრდენი ყოველთვის არის, ერთი მხრივ, ძალაუფლება და, მეორე მხრივ, შიში. ასეთი ავტორიტეტი გამორიცხავს კრიტიკას. რაციონალური ავტორიტეტი სუბიექტსა და ავტორიტეტს შორის თანასწორობას ეფუძნება. ისინი ერთმანეთისგან შეიძლება მხოლოდ ამა თუ იმ სფეროში ცოდნითა და გაწაფულობით განსხვავდებოდნენ. ირაციონალური ავტორიტეტი კი უთანასწორობაზეა აგებული დაღირებულებრივ სხვაობას გულისხმობს. „ავტორიტარულ ეთიკაზე“ საუბრისას ირაციონალური ავტორიტეტი იგულისხმება… ჰუმანისტური ეთიკა მხოლოდ რაციონალურ ავტორიტეტს შეესაბამება.
რაციონალური ავტორიტეტი ბიზნესში ან პოლიტიკაში ლიდერის სახელითაა ცნობილი, ხოლო ირაციონალური ავტორიტეტი ბელადს უკავშირდება. დღეს ორგანიზაციული სამყარო სავსეა პატარ-პატარა („ლოკალური“) ბელადებით. „მაიკროსოფტის“ განვითარების საწყის ეტაპზე ბილ გეიტსი აშკარად რაციონალური ავტორიტეტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციაში მხოლოდ განსაკუთრებულად ნიჭიერ ახალგაზრდებს ღებულობდნენ, მას შეეძლო, მათი საქმიანობა შეეფასებინა და ისინიც მის შეფასებებს ეთანხმებოდნენ. ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, ადმინისტრაციული დატვირთვა გაიზარდა და ბილ გეიტსმა თანდათან დაკარგა კომპეტენციასთან დაკავშირებული საკუთარი უპირატესობა. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან არ მოინდომა შიშზე აწყობილი ირაციონალური ავტორიტეტის როლის შესრულება და CEO-ს პოზიცია სტივ ბალმერს დაუთმო.
„ფორმალური თვალსაზრისით, ავტორიტარული ეთიკა უარყოფს, რომ ადამიანს აქვს უნარი, იცოდეს, რა არის კარგი და რა – ცუდი; ამ საკითხში ნორმას ყოველთვის ინდივიდის ზემდგომი ავტორიტეტი ადგენს. ასეთი სისტემა ეფუძნება არა საღ აზრსა და ცოდნას, არამედ შიშს, უსუსურობასა და დამოკიდებულების სუბიექტურ გრძნობას. ამ შემთხვევაში, ინდივიდი უარს ამბობს გადაწყვეტილების მიღებაზე და ამ უფლებას ავტორიტეტს გადასცემს; ავტორიტეტის გადაწყვეტილებები არასოდეს დგება ეჭვის ქვეშ.
მატერიალური (ანუ შინაარსობრივი) თვალსაზრისით, ავტორიტარული ეთიკა თავად უპასუხებს კითხვას – რა შეიძლება იყოს სასიკეთო და რა არა. ავ-კარგის ამგვარი განსაზღვრისას იგი, უპირველეს ყოვლისა, ავტორიტეტის და არა სუბიექტის ინტერესებით ხელმძღვანელობს. ავტორიტარული ეთიკა ექსპლუატატორულია, თუმცა (ცალკეულ), სუბიექტს მასში მნიშვნელოვანი ფსიქიკური თუ მატერიალური სარგებლის ნახვა შეუძლია…
უდავოა, რომ ავტორიტარული ეთიკის ფორმალური და მატერიალური ასპექტები განუყოფელია. ავტორიტეტს რომ არ ნდომოდა სუბიექტის ექსპლუატირება, არ დასჭირდებოდა მისი მართვა შიშისა და ემოციური დათრგუნვის საშუალებით; მას შეეძლებოდა რაციონალური განსჯისა და კრიტიკის წახალისება, თუნდაც, იმ რისკის ფასად, რომ მისი არაკომპეტენტურობა გამოაშკარავდებოდა. მაგრამ რამდენადაც საქმე მის პირად ინტერესებს ეხება, ავტორიტეტიუმთავრეს ადამიანურ სიქველედ მორჩილებას აღიარებს, ხოლო ურჩობას უმთავრესი ცოდვის როლს ანიჭებს. ავტორიტარულ ეთიკაში უპატიებელი ცოდვებია აშკარა დაუმორჩილებლობა, ავტორიტეტის უფლებებში დაეჭვება და ეჭვის შეტანა იმ აქსიომაში, რომ მის მიერ დამკვიდრებული ნორმები საუკეთესოა“.
ფირმის ჯენერალ მენეჯერი ორგანიზაციის პერსონალისთვის ავტორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. თუ ფირმა კონკურენტულ გარემოში იმყოფება და დაინტერესებულია საკუთარი თანამშრომლების პოტენციალის სრულად გამოვლენით, იგი რაციონალური ავტორიტეტი, ანუ ლიდერი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, ხელმძღვანელი შეძლებს თვითგანვითარებაზე და, იმავდროულად, შედეგზე ორიენტირებული ადამიანების შერჩევას და ერთიან გუნდად შეკვრას. მოტივაციის განმარტება სწორედ ინდივიდუუმის თვითგანვითარებისა და ფირმის ინტერესების თანხვედრაა.ირაციონალური ავტორიტეტი კი მენეჯმენტს პერსონალის შიშზე ააწყობს, რაც, საბოლოო ჯამში, აუცილებლად უარყოფითად აისახება ფირმის შედეგებზე.
არსებობს რაციონალური და ირაციონალური ავტორიტეტების გარჩევის მარტივი ტესტი – კრიტიკის მიმართ მათი დამოკიდებულება: ავტორიტეტი, რომელიც შეცდომებს არ აღიარებს – ირაციონალურია.
ერიხ ფრომი
„ბავშვი სიკეთესა და ბოროტებას შორის სხვაობას შეიგრძნობს მანამ, სანამ ამ ცნებების გარჩევას გონებით ისწავლიდეს… უფროსების ზრუნვასა და სიყვარულზე მისი სრული დამოკიდებულების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ დედის წამახალისებელი ან საყვედურიანი გამოხედვაც კი საკმარისია, რათა ბავშვმა ცუდისა და კარგის გარჩევა „ისწავლოს“. სკოლასა და საზოგადოებაშიც მსგავსი ფაქტორები მოქმედებს. „კარგია“ ის, რისთვისაც აჯილდოებენ, „ცუდი“ კი ის არის, რის გამოც სოციალური ავტორიტეტები და ახლობლები ტუქსავენ და სჯიან… სწორედ ეს ინტენსიური ემოციური ზეწოლა არ აძლევს საშუალებას ბავშვს (შემდგომ კი ზრდასრულ ადამიანს), დასვას კრიტიკული კითხვა: მისთვისაა „კარგი“ სასიკეთო, თუ ავტორიტეტისთვის?.. „კარგი“ ბავშვი შეიძლება დაშინებული და არათავდაჯერებული იყოს და მხოლოდ იმაზე ფიქრობდეს, როგორ ასიამოვნოს მშობლებს, „ცუდ“ ბავშვს კი, შეიძლება, საკუთარი ნება და ღირსეული, თუმცა, მშობელთათვის არასასურველი, ინტერესები ჰქონდეს“.
ეპიგრაფად მოყვანილ მაიაკოვსკის სტრიქონებში ბიჭუნას მამა ავტორიტეტია და, სწორი აღზრდის თვალსაზრისით, იგი აუცილებლად რაციონალური უნდა იყოს.
ქვეყნის სათავეში ხშირად იდგნენ და დღესაც იმყოფებიან ირაციონალური ავტორიტეტები. ისინი ქმნიან საზოგადოებაში ავტორიტარული ეთიკის ფონს, როდესაც ყველანაირ ალტერნატიულ თვალთახედვას ებრძვიან, ხშირ შემთხვევაში – მატერიალური წარმატებისათვის (ფული, კარიერა) პრიორიტეტული ფასეულობის მნიშვნელობის მინიჭების გზით. ადამიანთა ნაწილი (განსაკუთრებით – ახალგაზრდობა) იძულებულია, თავსმოხვეული ფასეულობები გაიზიაროს და უარყოს ორიენტაცია თვითგანვითარებაზე. შედეგად, საზოგადოებაში არსებული კერძო ორგანიზაციები (ფირმები) სრული მოცულობით ვერ იყენებენ საკუთარი პერსონალის პოტენციალს და კონკურენტუნარიანობას კარგავენ. იმისათვის, რომ არსებობა განაგრძონ, მათ ირაციონალური ავტორიტეტის ხელისუფლებისაგან „გარე“ დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ.
ეს შესაძლებელია მხოლოდ ლოკალურად – ქვეყნის შიგნით, გლობალურ დონეზე კი (საერთაშორისო ბაზრებზე) ავტორიტეტის გავლენა, როგორც წესი, არ მოქმედებს და ფირმა ეკონომიკური თვალსაზრისით განწირულია. ეს უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და იწვევს მის ზედმეტად ორიენტირებას გარე ინვესტიციების მოზიდვაზე.
შედეგი მარტივია: აფრიკის ქვეყნების უმეტესობა ბოლო 40-50 წლის განმავლობაში განვითარებად ქვეყნებად ითვლება. ვითარდება, ვითარდება და მაინც ვერ განვითარდა!
თუ ადამიანი ერთადერთ ფასეულობად მატერიალურ წარმატებას აღიარებს, მისი ორიენტაცია თვითგანვითარებაზე მძიმე, თითქმის უიმედო საქმეა. გავიხსენოთ დანტეს ალეგორია, რომლის თანახმად სამი ურჩხულის (ფული, ძალაუფლება, სექსი) ტყიდან გამოსავალი გზა ჯოჯოხეთზე გადის და მეგზურის არსებობას მოითხოვს. ამიტომ, ფირმაც ხშირად ერთ-ერთ ფასეულობად მატერიალურ წარმატებას აცხადებს, რაც მას საშუალებას აძლევს, იზრუნოს იმავე ფასეულობის მქონე პერსონალისმოტივირებაზე. ცხადია, ასეთი ფირმის სათავეში უნდა იდგეს ირაციონალური ავტორიტეტის მქონე პიროვნება, ხოლო პერსონალი ე.წ. „მორჩილ უმრავლესობას“ უნდა წარმოადგენდეს.
გაიხსენეთ საქართველოში მოქმედი ფირმის ჩვენეული მაგალითი, როდესაც ფირმის პერსონალმა (ერთი ადამიანის გარდა) ყოველგვარი ყოყმანის და განხილვის გარეშე, „უხმოდ“ მოაწერა ხელი გენერალური დირექტორის მიერ შედგენილ და სავსებით უვარგის – „ექსპლუატატორულ“ – შრომის ხელშეკრულებას.
მაშასადამე, ეთიკური ნორმების შემოღების შესახებ ზოგადი წარმოდგენის ბიზნეს სამყაროზე პროეცირებას, პრაქტიკულად, იმავე დასკვნამდე მივყავართ, რაც უშუალოდ ორგანიზაციის ანალიზის დროს მივიღეთ:
თუ ორგანიზაცია დაინტერესებულია საკუთარი ეფექტიანობით და კონკურენტუნარიანობით, მან საქმიანობა მოტივაციაზე უნდა ააწყოს და არა მოტივირებაზე. ამას ემატება შემდეგი სამი მოსაზრებაც:
- კონკურენტუნარიანი ორგანიზაციის სათავეში რაციონალური ავტორიტეტი დგას;
- ძალაზე და შიშზე აწყობილი ირაციონალური ავტორიტეტის ხელმძღვანელობა უარყოფითად მოქმედებს ორგანიზაციის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე;
- ქვეყნის სათავეში მდგარი ირაციონალური ავტორიტეტი, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკას ასუსტებს.
შემდეგ სტატიაში ფრომის წიგნის მიხედვით კიდევ რამდენიმე საკითხის განხილვას ვაპირებთ:
- თვითგანვითარება და ადამიანის ხასიათი;
- რწმენა და სინდისი;
- უნივერსალური და სოციალურად იმანენტური ეთიკა.
ავტორი: ნიკოლოზ მარკოზაშვილი